ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის საქმეზე გამოძიების დაწყებას, ოპოზიციაში აფასებენ. "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების შესახებ აგონიის ნიშანია.
"რას გვეუბნებიან ისინი, რომ საკუთარი თავი უნდა გამოიძიონ? ეს უბრალოდ ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ უფრო აგონიის ნიშანია. ჩვენი ვალია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს მობილიზებული, იმისათვის რომ ის პერსექტივა, რაც შარლ მიშელმა დაგვისახა, ხორცი შევასხათ," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.
პარტია ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის კახა კოჟორიძის თქმით კი, მათ პროკურატურისგან მოისმინეს, რომ გამოძიება ჩანაწერების გავრცელების მიზნით დაიწყო.
"მთავარი კითხვები იყო მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ თუ არა, სისტემურ, მძიმე დანაშაულში. ასევე, ასრულებდნენ თუ არა, არაფორმალური მმართველის შვილის დანაშაულებრივ დავალებებს სახელმწიფო ორგანოები და მაღალი თანამდებობის პირები. იმის ნაცვლად, რომ ამ ორი კითხვის პასუხით დაწყებულიყო გამოძიება, დღეს პროკურატურამ გვითხრა, რომ გამოძიება ამ ჩანაწერების გავრცელების კუთხით და ეს გავს გამოძიებას სარკის წინააღმდეგ და არა იმ იარის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ასე ღრმად ატყვია," - აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყება, ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.