ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის ნაწილი თვლის, რომ გამოძიება ობიექტური არ იქნება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ საქართველო ანომალიურ სიტუაციაშია და ივანიშვილმა გადაწყვიტა საქმე ჟურნალისტების წინააღმდეგ აღეძრა.
"ნორმალურ ქვეყანაში ასეთი სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურა აღძრავდა საქმეს ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით. გამოძიების დასრულებამდე გადადგებოდა პრემიერი და აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბერა ივანიშვილის ჩათვლით.
ჩვენ ვცხოვრობთ ანომალიურ სიტუაციაში და ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქმე ჟურნალისტების წინააღმდეგ აღეძრა,"- აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკანონო ჩანაწერები პრობლემაა, "ქართულმა ოცნებამ" კი ხელისუფლებაში ყოფნის ყველა მორალური საფუძველი დაკარგა.
პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს გამოძიების არ სჯერა.
"ვინმეს თუ სჯერა, რომ ესენი გამოიძიებენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მე ეგეთ ადამიანებს არ ვიცნობ და ყოველ შემთხვევაში, მე არ მჯერა,"- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.