17 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა არ არის - თეა წულუკიანი

საერთაშორისო პარტნიორების წერილს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს მოლაპარაკებები ჩაშალოს, თუმცა საქართველოს მეგობრები და მმართველი გუნდიც მზად არიან ისაუბრონ, როგორ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. 

"ჩვენ დავინახეთ არაერთი მცდელობა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოინდომეს, რომ აეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა, მოინდომეს, რომ ჩაეშალათ ყველანაირი კომპრომისის შესაძლებლობა, რასაც ქვეყანაში უნდა გამოეწვია გარკვეული დაძაბულობა, თუმცა  ვხედავთ, რომ საქართველოს მეგობრები და მათ შორის ჩვენც, მმართველი გუნდიც მზად ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ. ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ შეთანხმებას,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.  

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა, რომ ჩაეშალათ მოლაპარაკებები და არ მიეღოთ მასში მონაწილეობა, ვერ განხორციელდა. 

მდინარაძის თქმით, ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოუწევს საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. 

"შარლ მიშელის მხრიდან წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ნიშნავს ერთ ძალიან კარგ რამეს, რომ მცდელობა ოპოზიციისა, რომ რაღაცა საბაბი შეექმნათ, რომლის მიხედვითაც და რომელზე დაყრდნობითაც ისინი ჩაშლიდნენ მოლაპარაკებებს და არ მიიღებდნენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას გამოგონილი მორალური მოტივით, ჩაიშალა მათი ეს მცდელობა და საქართველოში მხარეებს შორის გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოუწევს საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა, რაც ძალიან კარგია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა არ არის. 

"მე იმედი მაქვს, რომ რასაც ვფიქრობ, ეს არ აღმოჩნდება სიმართლე და ბატონ დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია თავის რეალურ ნებას აჩვენებს მოლაპარაკებების მიზნით. ამას ძალიან ვისურვებდი. მაგრამ, მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა არ არის,“ - ამბობს თეა წულუკიანი.

დღის ამბები