17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
პარლამენტში "ნამახვანჰესთან" დაკავშირებული საკომიტეტო მოსმენა დასრულდა - მინისტრებმა დეპუტატების და აქტივისტების კითხვებს უპასუხეს

პარლამენტში "ნამახვანჰესთან" დაკავშირებული საკომიტეტო მოსმენა დასრულდა. გარემოს დამცველი ორგანიზაციების, სფეროს სპეციალისტებისა და აქტივისტების კითხვებს ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი 6 საათის განმავლობაში პასუხობდნენა. ნათია თურნავას თქმით, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები და მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება:

"ჩვენ დავინახეთ აუცილებლობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები უკეთესად იყოს გადაწყვეტილი ამ პროექტის ფარგლებში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან და ინვესტორი გამოხატავს უკვე მზადყოფნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ უფრო საგნობრივ პაკეტს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, როგორ გავაძლიერებთ ინვესტორის სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორ მოხდება ადგილობრივი ინტერესების და პროგრამების უფრო მეტად განხორციელება ინვესტორის თაოსნობით და ჩვენი მონიტორინგით. მეორე მიმართულება, რაზეც ჩამოვყალიბდით რამდენიმე საკითხზე, რაზეც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მაგალითად, მიწებზე გეოლოგიურ თუ კლიმატოლოგიურ  კვლევებზე, მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩავრთოთ დამოუკიდებელი ექსპერტები," - განაცხადა ნათია თურნავამ.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე იმ კვლევებს, რის საფუძველზეც მშენებლობა დაიწყო, არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს:

"ის, რაც უნდა მომხდარიყო რეალურად პროექტის და მშენებლობის დამტკიცებამდე, ახლა მიმდინარეობს თურმე ამ საკითხებზე მსჯელობა. ანუ თუ მშენებლობა დაწყებულია, მთავარი პარამეტრი, რაზეც ვითვლით ამ კაშხალს, თუ განსაზღვრული არაა და ახლა მიმდინარეობს მისი განსაზღვრა და "გადათვლა", ისიც საეჭვოა, რა მეთოდებით და როგორ ითვლიან და ვინ ითვლის, წარმოიდგინეთ, რომ "პოსლეზე" მიდის მთავარი პარამეტრის დათვლა და აბა რას აშენებენ?" - აცხადებს თეა გოდოლაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი იყო ის, რომ კომპანიისა და ხელისუფლების ურთიერთობა და შეთანხმების პირობები საიდუმლოდ რჩება და ცნობილი არაა იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროს დასკვნები ამ პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის პასუხი იყო, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება საჯაროა, დანარჩენი დასკვნები კი გამოთხოვის შედეგად იქნება ხელმისაწვდომი.

ჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მათ მარგინალიზებას ცდილობს.

ნათია თურნავას თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციამ არა ერთი-ორი წლით, არამედ რამდენიმე ათეული წლით დაიგვიანა, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარებას ახლა მხოლოდ ერთი-ორი შეხვედრა არ ეყოფა და მსჯელობა აქტიურად უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები