პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია მხარეები მოერიდონ პროვოკაციას.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის ეს მოწოდება ოპოზიციის მხრიდან ადეკვატურად არ იქნა აღქმული.
"იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება, უნდა იყოს მზაობა მოლაპარაკებისა და დიალოგისთვის. იმისთვის, რომ დაიდოს შედეგი რეალურად, ციტირებას მოვიყვან ერთ-ერთი ევროპარლამენტარის, ყველა უნდა მოერიდოს პროვოკაციას, მათ შორის, სიტყვიერს და ქმედებებსაც. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ეს აბსოლუტურად განსხვავებულად იქნა აღქმული კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ.
ჩვენი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ დავიწყოთ დიალოგი,"-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
"ღამის კურიერის" კითხვაზე, თუ ვინ წარმოადგენს ხელისუფლებას დიალოგის შემდეგ რაუნდზე, ირაკლი ჩიქოვანი პასუხობს, რომ კონკრეტული დეტალები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეთანხმდება.
"მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ფორმატი როგორი იქნება ბატონი. დანიელსონი ჩამოვა უახლოეს დღეებში და იმ პირობებში გადაწყდება ყველა დეტალი ამასთან. ისეთ დეტალებზე ვსაუბრობთ, რომლის წინასწარ განსაზღვრა არ შეიძლება
ფაქტი ერთია, რომ ევროკავშირში არის მოლოდინი, რომ ერთ კვირაში გარკვეული შედეგი იყოს, პროგრესმა იარსებოს და ეს შესაძლებლობა არსებობს. იმ დებატებზე ევროსაბჭოში, რომელიც ახლა პარალელურად მიმდინარეობს, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პროგრესი, ამას ევროპა ხედავს და ამას სჭირდება ხელშეწყობა. ხელშეწყობაში არ გულისხმობენ მხოლოდ მთავრობის მოქმედებებს, აუცილებელია, როგორც ოპოზიციის მონაწილეობა, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია,"-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.