"საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაცია როგორც საფრთხე კონსოლიდაციისთვის", "მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ", "პოლიტიკური პარტიები ნუ შესწირავენ ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას მოკლევადიან ინტერესებს","ორივე მხარემ უნდა დაიწყოს მოქცევა როგორც რეალურმა ევროპელებმა" - ეს ის ფრაზებია, რომელიც დღის ბოლოს ბრიუსელში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპალამენტის ტრიბუნიდან ისმოდა. ყველა გამომსვლელმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდა.
მანამდე ევროპარლამენტში სპეციალური მიმართვაც გავრცელდა, რომლის ავტორებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებას.
"ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ხილვა, ვინაიდან ეს არის დემოკრატიის კრიზისი . დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს არაპოლიტიზებასა და სამართლიან საპარლამენტო პროცესს. ორივე მხარეს მოვუწოდებ, დაიწყონ მოქმედება , როგორც ეს ნამდვილ ევროპელებს შეეფერებათ. მივესალმები შარლ მიშელის ჩართულობას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ჩვენს მეგობრებს ესმით, რომ ეს ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობაა და საქართველოში ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა," - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროკავშირმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს დიალოგის ფასილიტაციისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში:
"წლებია საქართველოს მუდმივად მხარს ვუჭერ ევოატლანტიკურ მისწრაფებებში . მაგრამ დრო მოვიდა გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება . 2019 წლის ივნისის შემდეგ თბილისიდან ბევრი ცუდი ამბავი გვესმის. გარდა მარტში შეთანხმებისა . ცუდმა ამბებმა კულმინაციას მიაღწია არჩევნების ჩატარებისა, ოპოზიციური პარტიის შტურმით აღებისა და მისი ლიდერის დაკავების შემდეგ . ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაცია შედეგს გამოიღებს . მტკიცედ მხარს ვუჭერ ბატონი ანდერსონის მოლაპარაკებებში ჩართვას. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ფასილიტაციისთვის, რომ დიალოგი შედგეს და ნელ-ნელა მივიდეთ ინკლუზიურ ახალ არჩევნებამდე," - განაცხადა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის თქმით, მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს დიალოგისთვის მზადყოფნა:
"შეშფოთებით ვაკვირდებოდი საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას. თუმცა, დღეს ოპტიმიზმით მინდა ვისაუბრო, ვინაიდან ვხედავ აშკარა მომენტს ნანატრი პოლიტიკური შერიგებისკენ. მინდა აღვნიშნო შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი და მისი პირადი ჩართულობა. ეს ასევე იმის სიგნალია, რომ ევროპა არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ერთვება კიდევაც. ეს ახალ იმპულსს აძლევს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს. დროის დაკარგვა არ შეიძლება. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებ, ხალხის ინტერესები პარტიის პოლიტიკაზე მაღლა დააყენოს," - აღნიშნა მარინა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარი ფონ კრამონი ევროკავშირს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას რეგიონში კიდევ ერთი კრიზისის გაღრმავება:
"საქართველო, აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ეს აურზაური ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლების ბრალია. ისინი ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარ ეგოს აყენებენ და თანამშრომლობას - პოლარიზაციას ამჯობინებენ. კრიზისის გადასაწყვეტად ევროკავშირმა ფასილიტაციიდან მედიაციამდე უნდა გადაინაცვლოს. გამოსავლის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და თარიღი მომავალი არჩევნებისა. ეს არჩევნები იქნება მხოლოდ სწრაფი და არა გრძელვადიანი გამოსავალი. აბსოლუტურად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ პოლიტიკური კრიზისის კვლავ დაბრუნებას ვიხილავთ. მართლმსაჯულების რეფორმა და ოპოზიციისთვის გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა იქცეს. ორივე მავნე ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ ვერ გამოვტოვებთ კიდევ ერთ კრიზისს ამ რეგიონში," - განაცხადა ფონ კრამონმა.