ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. დიალოგისკენ მოწოდებას მმართველ გუნდში პასუხობენ და აცხადებენ, რომ თუკი ვინმე არის დიალოგისა და კომპრომისისთვის მზად, ეს სწორედ "ქართული ოცნებაა" და მაგალითად მოჰყავთ ის ინიციატივები, რომლებიც საარჩევნო რეფორმას და საგამოძიებო კომისიას უკავშირდება.
"ევროპარლამენტის მხრიდან ძირითადი მოწოდებები რაც იყო, მაღალი სიზუსტით იმეორებს ჩვენს პოზიციასაც და შეიძლება ერთ თემაში ინტეგრირდეს – ორმხრივი კომპრომისები და მოლაპარაკება არის გზა იმისთვის, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს. პარლამენტი ვერ იმუშავებს გამართულად, თუ მასში სრულყოფილად არ იქნა პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი, რომელსაც მოსახლეობამ ამა თუ იმ პარამეტრებით ნდობა გამოუცხადა. ეს არის მთავარი ლეიტმოტივი, რომლისკენ უნდა იაროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც," - აცხადებს დავით სერგეენკო.
დეპუტატი ალუდა ღუდუშარუ აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და ქვეყანა დღეს ისე ახლოსაა ევროპასთან როგორც არასდროს:
"ძალიან საინტერესო დებატები გაიმართა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ევროპარლამენტარების გზავნილებში, ისევე როგორც ყველა სხვა ანგარიშში იკითხება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან როგორც არასდროს," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა