რა კომპრომისებია მოსალოდნელი მმართველი პარტიის მხრიდან დიალოგის პროცესში, ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა ისაუბრა.
სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც გაყალბება მომხდარა და არც ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს, მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
"ჯერ კიდევ გუშინწინ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ მორჩა, დამთავრდა არანაირი დიალოგი არ იქნება. მე ამაზე ვთქვი, რომ ეს იყო ამ ხელოვნურად აწეული სკანდალის მიზანიც და მიზეზიც. თუმცა, საბოლოოდ, რაც ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამჟღავნდა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი პოზიციაც და ლექსიკაც და დაიწყეს დიალოგზე ლაპარაკი.
დიალოგთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. დათმობებს რაც შეეხება, მაქსიმალური დათმობა არის "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდება, რომ გაყალბება 1%-ზე მეტს აღწევს. ოპოზიცია ამაზე არ მოდის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა.
რაც შეეხება ლეგიტიმაციას, 48%-იანი ლეგიტიმაცია ხელისუფლების ჩაბარებისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის საკმარისი და საკმარისზე მეტი. ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობა საფრანგეთში 28%-ით არის არჩეული და არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა და საქართველოში ნუ იგონებენ რაღაც ახალ თამაშის წესებს," - განაცხადა სოზარ სუბარმა.