17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
8 ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს

8 ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ბიზნეს გაერთიანებები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.

განცხადების თანახმად, უკანასკნელ პერიოდში COVID - 19-ის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, შედეგად უახლოესი წლები იქნება ურთულესი მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დასაქმებული.

მათივე ცნობით, ეკონომიკურ გამოწვევებს სამწუხაროდ თან დაერთო მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

"ზემოხსენებულიდან გამომდინარე ხელისმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა:

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, გამოინახოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა საშუალება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს - პროგოზირებად და სტაბილურ გარემოს შექმნას;

მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (1 წლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით - ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით;

მოკლე ვადაში განხორციელდეს COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან და ექსპერტებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მომზადდეს რეგულაციების ახალი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დაგეგმონ ბიზნეს საქმიანობა," - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

დღის ამბები