"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ის გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, გამოძიებას არ ითხოვს.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ამ შემთხვევაში გამოძიებას ნდობა არ ექნება.
"მე, მაგალითად, არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, ამას არ გააჩნია შინაარსი, ეს არის კონცერტის ნაწილი. რომ გაამართლოს საგამოძიებო უწყებამ, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ასე იყო, რომ გაამტყუნოს, ამას დაიჯერებთ, რომ ეს მურუსიძემ თავისით გადაწყვიტა. ხომ ხვდებით, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხომ ვიცით, რომ ჩვენი სასამართლო ახლა არ არის ბერას გასასამართლებლად მზად," - აღნიშნა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ.
გამოძიების მომხრეა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
"უნდა წარიმართოს გამოძიება არა იმაზე, ვინ მოუსმინა - ესეც გამოსაძიებელია, კი ბატონო, მაგრამ უმთავრესად შინაარსზეც, რომელიც, სხვათა შორის, არც ბერას უარყვია. კომისია კი არ უნდა შეიქმნას, პროკურატურამ უნდა დაიწყოს პირდაპირ გამოძიება.
მარბეველ რაზმებს და შეიარაღებულ ადამიანებს, რომ უგზავნი - ეს არც კაცობაში ჯდება, არც კანონიერებაში ჯდება, არც მორალში," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.