17 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს - მათი ნაწილი შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას აანონსებს

ოპოზიცია ფიქრობს, ქვეყანაში არსებულ ფონს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი კიდევ უფრო ამძიმებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გააკრიტიკებენ ხელისუფლებას, იმ სავარაუდო დანაშაულებების გამო, რისი ნიშნებიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოიკვეთა. მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების ოპერაცია. ოპოზიციურ სპექტრში ევროპარლამენტარების გზავნილებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ხელისუფლებას მათი გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებიც კრიზისიდან გამოსვლის გზად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ. ამასთან, გიორგი ვაშაძე დიალოგის ჩავარდნის შემთხვევაში წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას აანონსებს:

"ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც უნდა გამოვიტანოთ: პირველი ესაა, რომ ცალსახად, ყველა ერთხმად მხარს უჭერს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მეორე - ძირითადად გამოიკვეთა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსვლის მთავარ გზად. ეს მოლაპარაკებები მაქსიმუმ მარტის ბოლომდე უნდა შედგეს, თუ მოლაპარაკებები არ შედგა, პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ხშირად გვქონდა უფრო კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ დიალოგი სწორედ შარლ მიშელის შუამავლობით შემუშავებული 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში უნდა დაიწყოს:

"გუშინ ევროპარლამენტში გამართული დებატები მხოლოდ ნაწილია იმ საერთაშორისო მოძრაობისა, იმ საერთაშორისო ტალღისა, რომელიც ბოლო დროს, ფოკუსირებულად, მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ამბები შეწყდეს, რაც საქართველოში ხდება და მიზნად ისახავს იმას, რაც ნათლად არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩოში. რაც იქ წერია, იმის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. დასახულია ევროკავშირის მხრიდან, რომ სწორედ ეს 6 პუნქტი, მათ შორის - რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა ის ჩარჩო, რომელ ჩარჩოშიც უნდა წარიმართოს დიალოგი და შედგეს შეთანხმება," - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ის სრულად იზიარებს ევროპარლამენტარების მოწოდებებს და დიალოგის შეფერხების მთავარ მიზეზად "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალური მოძრაობას" ასახელებს, რომელთაც, მათი თქმით, კომპრომისი არ სურთ:

"ყველა მოგვიწოდებდა შეთანხმებისკენ და ამიტომ, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამ პოზიციას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძირითად მხარეებს - "ქართულ ოცნებას" და "ენმ-ს" არ სურს მოლაპარაკება. "ქართულ ოცნების" მხრიდან მარტივია, ნიკა მელიაა გამოსაშვები და ეს იმდენად ცხადია, რომ თვითონ "ქართულ ოცნებაშიც" ხვდებიან, რომ გამოსაშვებია და უბრალოდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ასაღები და გადაწყვეტილებაა მისაღები. ოპოზიციის მხარეს უფრო უცნაურადაა სიტუაცია, იმიტომ, რომ რიტორიკა შეცვლილია და რთულად წარმომიდგენია, რა პოზიციაზე დგას ახლა ოპოზიცია," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები