17 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ღარიბაშვილი ყველა შემთხვევაში ჩავა ბრიუსელში, ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შარლმ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონის მედიაცია მოცემულ პოლიტიკურ კრიზისში მნიშვნელოვანია.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ კოლეგებთან კონკრეტული შეთავაზებებით უნდა წარსდგეს. 

"ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კრისტიან დანიელსონის მედიაცია, იმიტომ რომ მედიაცია ფასილიტაციისგან განსხვავებით, პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ნიშნავს. ბატონი დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, მე მას კარგად ვიცნობ, ის იყო ევროკავშირში ჩემი კოლეგა, როდესაც მე საქართველოს წარმოვადგენდი, ის წარმოადგენდა შვედეთს. ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ის პრობლომებს, აქაური კონიუქტურა მისთვის ცნობილია.

ვფიქრობ, ჩამოვა მხარეებთან კონკრეტული შეთავაზებით და ამის შედეგად ვნახავთ რა მოხდება. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ყველა შემთხვევაში ჩავა ბრიუსელში, იმიტომ რომ ასოცირების საბჭო, ეს არის უმაღლესი თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, შესაბამისად, წამზომი ჩართულია ხელისუფლებისთვის, რომ ხელცარიელი არ ჩავიდეს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი და ჰქონდეს რაიმე შეთავაზება ევროპელი კოლეგებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ევროპული კოლეგების მოლოდინი," - განაცხადა "დღის კურიერში" სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში კონკრეტული შეთავაზებების გარეშე ჩავა, საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება.

"ვხედავთ, რა განცხადებები კეთდება რუსეთში, როგორ გულშემატკივრობს "ქართულ ოცნებას" ბატონი ნარიშკინი და როგორი შეშფოთებულია, რომ საქართველოში პროდასავლური ოპოზიცია ძლიერდება. ნარიშკინის განცხადება იმასაც აჩვენებს, რომ ამ პოლიტიკირ კრიზისში, ევროკავშირის ჩართულება უფრო გააძლიერებს დასავლეთს რეგიონში, რაც რუსეთს, ნადვილად არ აწყობს, ამიტომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, თუ მედიაციის გზით ვერ დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი, რაც თავისთავად "ქართული ოცნების" იქნტერესებში შედის,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები