06 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
"უნდა დაიოკონ ახალგაზრდებმა ნერვები, თუ უნდათ რაგბის ხვალინდელი დღე" - რაგბის კავშირის გამგეობის წევრი

რაგბის კავშირის გამგეობის წევრების განცხადებით, ქართული რაგბის სამყარომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩია.

მათი ვარაუდით, ეტაპობრივად სიტუაცია დამშვიდდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.

"მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაგბის სიყვარული ყველაფერს აჯობებს, ითანამშრომლებენ ეს ბიჭებიც და იქნება ყველაფერი კარგად, დარწმუნებული ვარ, შეიძლება რაღაც პერიოდი დასჭირდეს, ქართველები მაინც ემოციური ხალხი ვართ," - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი ალექსანდრე გრიგალავას თქმით, სოსო ტყემალაძე ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრის ბათუ კევლიშვილის განმარტებით, არავის აქვს უფლება რაგბში დაძაბულობა შეიტანოს.

"უნდა დაიოკონ ახალგაზრდებმა ნერვები, თუ უნდათ რაგბის ხვალინდელი დღე. არავინ არ მისცემს უფლებას რაგბის დანგრევისას არც აქეთ მხარეს, არც იქით მხარეს. არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აბსოლუტურად პასუხისმგებლები არიან, რაც წინაპრებისგან ჩაიბარეს, რომ უკეთესი იყოს ხვალინდელი დღე," - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა ბათუ კევლიშვილმა.

ცნობისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე გახდა. ის დღეს ერთადერთი კანდიდატი იყო და მისი მოწინააღმდეგეების მცდელობის მიუხედავად პროცესი არ ჩაიშალა. დროში გაჭიანურების მიუხედავად კვორუმი შედგა და ხელმძღვანელიც დაინიშნა. არჩევნების მიმდინარეობის დროს ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები