ქვეყანაში შარლ მიშელის წარმომადგენლის ჩამოსვლასა და მოლაპარაკების განახლებას ელოდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ელჩები კრიზისის დაძლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საკითხზე დღეს შვედეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
საქართველოში შვეიცარიის ელჩის პატრიკ ფრანცენის განცხადებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის დაახლოება და ეს პროცესი უნდა დაეფუძნოს დიალოგსა და ასევე სხვა პოლიტიკური მოთამაშეების თანაარსებობის პატივისცემას.
"ვფიქრობ, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ასეთი პროცესის მხარდაჭერა. თუმცა პროცესი უნდა იყოს შიდა, რომელიც დაეფუძნება დიალოგს, ასევე საერთო პატივისცემას და ასევე სხვა პოლიტიკური მოთამაშეების თანაარსებობის პატივისცემას. ვიმედოვნებ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის გამოსავალს, იმედი მაქვს ისინი მიაღწევენ კომპრომისს, რათა წაახალისონ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში. გამოსავალი უნდა მოიძებნოს შიგნით და პოლიტიკური აქტორების გადასაწყვეტია, რომელი გამოსავალი იქნება უკეთესი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხის ინტერესი უნდა იყოს მთავარი, პოლიტიკური გამოსავლისთვის," - აცხადებს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მიიჩნევს, რომ მთავარი ერთმანეთის მოსმენა და გასხვავებული მოსაზრებების ერთ პოზიციამდე დაახლოებაა.
"მთავარი არის ერთმანეთის მოსმენა და გასხვავებული მოსაზრებების დაახლოება ერთ პოზიციამდე. პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, ბევრს ვმუშაობთ შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ მოლაპარაკებებს და დავაახლოვოთ პარტიები ერთმანეთთან. მოხარული ვარ, რომ სპეციალური წარმომადგენელი ამ საკითხზე მალე ჩამოვა საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ბევრი იდეა დაიდება მოლაპარაკების მაგიდაზე. მოლაპარაკებების მონახაზი ახლა ნათელია, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისგანაც ველით მათ შემოთავაზებებს, აზრებს. ვფიქრობ, თუ ყველა პარტია კარგად იმუშავებს, ისინი შეძლებენ აუცილებელი კომპრომისის მიღწევას," - აცხადებს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.