ოპოზიციის წევრები კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს ეხმაურებიან. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ევროპელი მედიატორი კონკრეტული მონახაზებით ჩამოვა, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
"მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება. თუმცა, მას არ შეუძლია მხარეებს შორის გამოვლენილი პოლიტიკური ნების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
ამიტომ, თუ არ გადაიხედება "ქართული ოცნების" პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"ლელოს" წევრის გრიგოლ გეგელიას განმარტებით, ოპოზიციის პერსპექტივიდან მოთხოვნები უცვლელი რჩება.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, კრისტიან დანიელსონის ჩართულობა ადასტურებს, რომ ევროპისთვის სულერთი არ არის საქართველო. მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფასილიტაციის ეტაპიდან გადავიდნენ მედიატორის ეტაპზე.