პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ევროპელი მედიატორის, კრისტიან დენიელსონის ჩართვა პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის უფრო მეტ შანსს აჩენს.
სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრი თამაშის ერთგვარ წესებზე ჩამოყალიბდეს.
"საკმაოდ მაღალია პირადად ჩემი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებისთვის უფრო მეტი შანსი გაჩნდეს. მსგავსი ჩართულობა გამოცდილი დიპლომატის მხრიდან ზრდის მხარეების შესაძლებლობებს, რომ გამონახონ კონსენსუსი. მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ თამაშის ერთგვარ წესებზე და იმ ღირებულებების სისტემაზე, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
ქვეყანაში პოლიტიკური მოლაპარაკებისთვის ევროპელ მედიატორს ელოდებიან. ის, მოლაპარაკების პროცესში უკვე ხვალიდან უნდა ჩაერთოს.
არ არის გამორიცხული, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებულ მხარეებთან ევროპა ფასილიტაციის შემდეგ უკვე მედიაციაზე გადადის.
დენიელსონის ვიზიტს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და აღნიშნა, რომ მიესალმება კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს.