ტელეკომპანია "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მოსამართლემ პროკურატურას 30 დღე მისცა იმისთვის, რომ პროკურატურამ ტელეკომპანიაში ნებისმიერ დროს შეძლოს შესვლა.
როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ამოწერა მოსამართლემ იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაზე განჩინება, როდესაც ტელეკომპანიას გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებებზე უარი არ განუცხადებია.
"ხელი და ფეხი აქვს პროკურატურას გახსნილი და 30 დღე მისცა მოსამართლემ ამისთვის უფლება, რომ გუშინდელი დღიდან, მომდევნო 30 დღის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს შეუძლია შემოვიდეს.
ჩნდება კითხვა, იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაზე მოსამართლემ რატომ ამოწერა ამ შემთხვევაში განჩინება, როდესაც მანამდე, ჩვენ მათთვის არაფერზე არ გვითქვამს უარი. ამას პირდაპირ მივყავართ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, რომ მათი მიზანი არის ჟურნალისტები დააშინონ, ტელევიზიებში შემოვარდნენ, წაიღონ აქედან აპარატურა, რომ ფიზიკურად ვერ შევძლოთ ჩვენ ოპერირება," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურა "ტვ პირველისგან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სავარაუდოდ სატელეფონო საუბარზე.