17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მისი გამხელა - გიგა ბოკერია

ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ ეთერში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. თემაზე უკვე არაერთი პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროკურატურის წერილი არის მცდელობა, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტები დააშინონ და მათზე ზეწოლა მოახდინონ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება წყაროს გამხელა მოითხოვოს.

"მკაფიო წინააღმდეგობაშია კი არა, მკაფიო დარღვევით არის ჩვენი კანონმდებლობით გადადგმული ის ნაბიჯი, რაც ახლა პროკურატურის შუამდგომლობით ახლა სასამართლომ მიიღო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც წერია ძალიან მკაფიო ერთი მთავარი მუხლი - პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური წყაროს გამხელის ვალდებულება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაკითხვაზე ის პირები დაიბაროს, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ, მათ გადაწყვიტეს, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველზე" შტურმი მიიტანონ.

"იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ დაკითხვაზე დაიბაროს ყველა ის ფიგურანტი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდა, სადაც აშკარად გამოიხატება შესაძლო დანაშაული, ამის მაგივრად გადაწყვიტეს, რომ "ტვ პირველზე" მიიტანონ შტურმი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს გამოცხადებული ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ," - განაცხადა ზაალ უდუამაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" ინფორმაციის წყაროს დადგენას ცდილობს. 

"რა უნდა "ქართულ ოცნებას"? დაადგინოს წყარო. ეს არის მათი მთავარი მიზანი, რაც მე ვფიქრობ, რომ მეორე მხრივ ვალდებულება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს, რომ დაიცვას წყარო და აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მსგავსი მოქმედებები. მათ რომ უბრალოდ ნდომებოდათ ჩანაწერები, აბსოლუტურად სხვაგვარად მოიქცეოდნენ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები