17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
არავინ არ ემზადება იმისთვის რომ შევიდეს დამოუკიდებელ ტელევიზიაში - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც ფარულ ჩანაწერებთან დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანია "პირველს" გაეგზავნა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შეჭრას არ გულისხმობს.

მისი განმარტებით, ეს არის პროცედურული ღონისძიება, რომლის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა. 

"სისხლის სამართლის საქმისთვის ეს მტკიცებულება რომ მნიშვნელოვანია და წარმოდგენილი უნდა იქნას, მგონი, ეს საკამათო არ არის. საუბარია იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულება რომ მოხვდეს, ამისთვის კონკრეტული პროცედურა არსებობს, შესაბამისად, პროცედურა თუ ითვალისწინებს, რომ სასამართლოს აქტის მეშვეობით უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

არავითარი საფუძველი არ არის ჭიქაში ქარიშხლის შექმნისთვის. არავინ არ ემზადება იმისთვის, რომ შევიდეს დამოუკიდებელ ტელევიზიაში და ძალის გამოყენებით მოითხოვოს ან გამოიტანოს რაიმე ჩანაწერი. ამ კითხვის დასმისთვის წინაპირობაც კი არ არსებობს. მესმის თქვენი, ამ კითხვას სვამთ იმ ფონზე, როდესაც რიგი ტელევიზიების, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ვისმენთ მცდელობას, რომ მეტი დრამატიზმით შემოსონ ეს ძალიან მარტივი, პროცესუალური მოქმედება. რეალურად, არ არის მდგომარეობა ისეთი, სადაც შეგვიძლია, რომ თუნდაც ვივარაუდოთ მსგავსი ღონისძიების განხორციელება, ამის ობიექტური საჭიროება არ არის.  ამ კონკრეტულ ვითარებაში, შექმნილი სურათი ისეთია, შინაარსი ისეთია საგამოძიებო მოქმედებისა, რომ, უბრალოდ, ეს შეუძლებელია,"-აცხადებს სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მოსამართლემ პროკურატურას 30 დღე მისცა იმისთვის, რომ პროკურატურამ ტელეკომპანიაში ნებისმიერ დროს შეძლოს შესვლა.

პროკურატურა ტელეკომპანიისგან იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი. საუბარია ჩანაწერებზე, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარია ასახული. 

დღის ამბები