"ტვ პირველის" ინტერესების დამცველის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი ან მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება და რომც არსებობდეს, ტელევიზია მის გადაცემაზე მაინც უარს განაცხადებდა.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ჯერჯერობით, მოხდება განჩინების ქართულ სასამართლოში გასაჩივრება და თუ ეს საკმარისი არ იქნება, განიხილება შესაძლებლობა, რომ მიმართონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
"დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური განჩინება გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან სანამ არსებობს ეს განჩინება და ძალაშია, მანამდე აქვს სამართალდამცავ ორგანოებს იძულებით განახორციელონ ამოღება "ტვ პირველში" იმ ნივთისა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს ტელევიზია გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ეს კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც არ აინტერესებს ჩანაწერის შინაარსი, ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიოფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ჩაწერილი ყოფილიყო ფაილი. ანუ, მათ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული წყარო. ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუკი გამოძიება დაინტერესდება, გადასცეს მას აუდიოფაილი, რომელშიც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი ან მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება და რომც არსებობდეს, ტელევიზია მის გადაცემაზე მაინც უარს განაცხადებდა. განჩინების გასაჩივრება უახლოეს პერიოდში მოხდება და თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მივმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.