17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
TV პირველში შეჭრის თემის წამოწევა დიალოგის შეჩერების მცდელობა მგონია - სოზარ სუბარი

"ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ძიება უნდა დაწყებულიყო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, ხოლო შინაარსზე ძიება ვერ დაიწყება იქამდე, სანამ არ დადგინდება, რა არის ფალსიფიცირებული და რა არის რეალური შინაარსი.

მისი თქმით, სასამართლო განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანია "პირველს" გადაეგზავნა, მოსამართლემ საჭიროდ მიიჩნია ჩაეწერა კანონის მთლიანი მუხლი, თუმცა, ტელეკომპანიაში არანაირი შეჭრა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამის უფლება აქვთ. 

სოზარ სუბარი მიიჩნევს, როგორც ფარული ჩანაწერების გავრცელებას, ისე ტელეკომპანია "პირველში" შეჭრაზე საუბარს დიალოგის შეწყვეტა ჰქონდა მიზნად.

"გავიდა ეს ფალსიფიცირებული ჩანაწერი და მეორე დღეს უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მორჩა მოლაპარაკებები შეწყდება, აღარ ღირს მოლაპარაკებები, დიალოგი უნდა ჩავშალოთ. დღესაც, შეჭრის თემის წამოწევა დიალოგის შეჩერების მცდელობა მგონია.

როცა ისინი ხედავენ, რომ, მაგალითად, მოდის ევროკავშირის წარმომადგენელი, როცა იძულებული არიან დიალოგში შევიდნენ, მაშინვე ებღაუჭებიან მაშველ რგოლებს და ეს მაშველი რგოლები ხან გამოუჩნდებათ ნარიშკინის სახით, ხან კი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მასწავლებელი, რომელმაც უარყო სამშობლო და გახდა რუსეთის აგენტი,"-აცხადებს სოზარ სუბარი. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მოსამართლემ პროკურატურას 30 დღე მისცა იმისთვის, რომ პროკურატურამ ტელეკომპანიაში ნებისმიერ დროს შეძლოს შესვლა.

პროკურატურა ტელეკომპანიისგან იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი. საუბარია ჩანაწერებზე, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარია ასახული. 

დღის ამბები