ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ვაქცინებთან დაკავშირებით აქვს პირობა, რომ ის აღიარებული უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლისგან და ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც ჩინურ მხარესთან ასევე სხვა მწარმოებლებთანაც:
"ჩვენ გვაქვს პირობა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩინური ვაქცინა ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა მიიღებს მკაცრი მარეგულირებლისგან და ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან აღიარებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ვაქცინას აქვს გარანტი იმის, რომ ის არის უსაფრთხო და ეფექტური. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არანაირ რისკს არ შეიცავს მწარმოებელი ქვეყანა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობს საკმარისი დადასტურებული კლინიკური კვლევები იმის თაობაზე, რომ მისი გამოყენება არ იწვევს ადამიანის ლეტალობას ან სხვა რამე სარისკო გართულებებს. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე სხვა მწარმოებლებთანაც მოლაპარაკებას, ეს არის "მოდერნა", "ჯონსონ & ჯონსონი". აქ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს მწარმოებელი მოლაპარაკებას აწარმოებს მხოლოდ სახელმწიფოებთან და იღებენ სავარაუდო შეკვეთებს, რომლის დაკმაყოფილებაც მათ შეუძლიათ. "ჯონსონ & ჯონსონისგან" მივიღეთ ინფორმაცია თუ რა არის ის მოსალოდნელი რაოდენობა, რომელსაც ამ წლის განმავლობაში აწარმოებს, ასევე რა არის ის პლატფორმები და ქვეყნები სადაც გეგმავს ვაქცინის მიწოდებას, ასევე გამოიკვეთა კონკრეტული გზები თუ რომელი გზით და რა მეთოდოლოგიებით გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, რომ მოკლე ვადებში, საჭირო რაოდენობა ასევე შესაბამის ფასად მივიღოთ "ჯონსონის" ვაქცინა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვაზე, რა იგულისხმება მოკლე ვადებში, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვადებზე საუბარი მიმდინარეობს კვარტლების მიხედვით. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ გერმანიის მთავრობა მესამე კვარტალში შეძლებს საქართველოსთვის გარკვეული მოცულობის ვაქცინების მოწოდებას. ასევე არსებობს სხვა პარტნიორი ქვეყნებიდანაც ვაქცინების მიღების შანსი.