არაერთი საერთაშორისო დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არჩევნებიდან თითქმის 5 თვის შემდეგაც ოპოზიციის დიდი ნაწილის გარეშეა დარჩენილი. ბოლო 2 კვირაში თბილისი ბრიუსელიდან უკვე მე-2 სტუმარს იღებს, თუმცა ქრისტიან დანიელსონი სტუმართან ერთად მომლაპარაკებელიცაა, რომელიც ხვალიდან ქართული პოლიტიკური კრიზისის მთავარ აქტორებს შეხვდება.
პრემიერის ბრიუსელში ჩასვლამდე დღეები სულ უფრო მცირდება, შეთანხმება მიღწეული კი, ისევ არ არის. 15-17 მარტს ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში და ნატოში შეხვედრებია ჩანიშნული. მათგან 16 მარტი ქართული დელეგაციისთვის საკვანძოა, რადგან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება და მისგან პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზას მოისმენს, თუ ასეთი იმ დროისთვის იარსებებს.
ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ როგორც მედიატორი და არა ფასილიტატორი, მიშელის ნდობით აღჭურვილი პირი კონკრეტული ინიციატივებით ჩამოვა, დაასახელებს პრობლემის გადაწყვეტის გზებს, რაც ბრიუსელშია ნაფიქრი.
დენიელსონის ჩამოსვლა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მოლოდინს უჩენს მმართველ გუნდსაც, თუმცა ამისათვის ოპოზიციის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას ელიან.