17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან  დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში - საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან, "კარგი მმართველობის ინსტიტუტის" და IFES-საქართველოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრირება გახდეს უფრო მეტად პროფესიონალ კადრებზე ორიენტირებული. მისი განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიაში წევრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

"აუცილებელია, რომ საარჩევნო ადმინისტრირება გახდეს რაც შეიძლება უფრო მეტად პროფესიულ წევრებზე ორიენტირებული. იქ იყო მაქსიმალურად მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით წარმოდგენილი, ისე, როგორც ეს ხდება ევროპულ სახელმწიფოებში. ასევე, საარჩევნო უბნებში მნიშვნელოვნად შემცირდება კომისიის წევრთა რაოდენობა, თუ ჩვენ დავნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ წარმოდგენილი. მაგალითად, დღეს თუ ჩვენ გვყავს საუბნო-საარჩევნო კომისიაში 12 წევრი, მოცემულ მოდელზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შესაძლებელია, რომ გვყავდეს 5-დან 7 წევრამდე," - განაცხადა "კარგი მმართველობის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ხორბალაძემ.

პარლამენტის წევრების განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნება საარჩევნო ადმინისტრირებაში ტექნოლოგიების დანერგვის საკითხს. 

"დღევანდელი შეხვედრა არის გაგრძელება იმ სამუშაოსი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. დღევანდელი კონფერენცია მიეძღვნება უკვე ტექნოლოგიურ ნაწილს - ეს არის ხმის მთვლელი მანქანები, თითის ანაბეჭდები და ა.შ. ჩართულები არიან ექსპერტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ისე ქვეყნის შიგნით და გვექნება ამ საკითხების განხილვა," - აღნიშნა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა და "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფართოდ დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ტექნიკური პრობლემების გარეშე ჩაიაროს არჩევნებმა.

დღის ამბები