"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა კომპრომისის სახით დამოკიდებულია ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე.
ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხები იქნება დღის წესრიგში, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მაქსიმალურად ელასტიკური იყოს.
"მე ახლა გერთვებით იმ პოლიტიკური პარტიის ოფისიდან, სადაც სულ რაღაც 10 დღის წინ 23 თებერვალს შემოიჭრა ხელისუფლება და უხეში ფიზიკური ძალით დაატყვევა პარტიის თავმჯდომარე, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება - პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს გამოშვებული და ეს იქნება პირველი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.
მეორე კი არის, როგორც მოგეხსენებათ, ვადამდელი არჩევნები. ამ ვითარებაში, როდესაც ეს საკითხები იქნება დღის წესრიგში, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვიყოთ ძალიან ელასტიურები და უპირველეს ყოვლისა, ველოდებით ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს ის ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ნაბიჯები არ იქნება გადმოდგმული, ეს მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობებს, რომ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები იქნას გადადგმული, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები პოლიტიკური ოპოზიციიდან, განწყობილი ვართ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პოზიციათა დაახლოების პროცესს.
ისეთი ხისტი განცხადებები, როგორიც დღეს გვესმოდა, მაგალითად, პრემიერ ღარიბაშვილისგან, რომ გადაიხადოს გირაო და გამოვა, რაც არის სიძულვილის ენის კვლავ გაგრძელება, რასაც მთელი ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწევა "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ამ პროცესს ხელს ვერ შეუწყობს.
არის ძალიან ცნობილი გამონათქვამი: "არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა". ჩვენ გვინდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა და ამისათვის მივმართავთ ხელისუფლებას, რომ გადადგან სამართლიანი ნაბიჯები და ნუ გაწირავენ ქვეყანას ქაოსისა და კრიმინალური ანარქიისათვის" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.