31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ IRI-ის დასკვნაზე ოპოზიციაში გამოხმაურებები გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებები თითქმის იდენტურია, შედარებით განსხვავებულია პარტია "გირჩის" ლიდერის პოზიცია.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციამ ვერ წარუდგინა ფასილიტატორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების გაყალბების რეალური ფაქტები და შესაბამისად, მსგავსი დასკვნები ორგანიზაციის მხრიდან უჩვეულო არ არის.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მანამდე ვერ ისაუბრებს, ვიდრე ოპოზიციას მტკიცებულება არ ექნება.
"ოპოზიციამ ვერ წარადგინა ამის სათანადო მტკიცებულება ფასილიტატორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, მაგიტომაც ხდება ასეთი ტიპის დასკვნების წარმოდგენა პასუხად. ჩვენ ვამბობდით და საჯაროდაც გვაქვს ნათქვამი, რომ სანამ მტკიცებულებები არ გვექნება ოპოზიციას, მანამდე მე არ ვიყვირებ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და ამაზე არ ვილაპარაკებ, როგორც დამტკიცებულ ფაქტზე," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს პანდემიის გამო წარმომადგენლობა საქართველოში მცირე რაოდენობით ჰყავდათ და შესაძლოა ამ ფაქტორმაც იმოქმედა დასკვნაზე.
"ქართული ოცნება" ყველა კვლევას ყოველთვის უკუღმა კითხულობს და მას უნდა, რომ ამოიკითხოს მხოლოდ ის ფრაზები, რაც მისთვის სასარგებლოა. დიახ, პოზიტივზე საუბრობს, მაგრამ ის აქვე ამბობს, რომ უამრავი პრობლემა იყო ამ არჩევნების დროს, რომელმაც საბოლოო შედეგზე მოახდინა გავლენა. ამიტომ IRI-ის დიდი მადლობა და აქვე მინდა ვთქვა, რომ მთავარი პრობლემა საერთაშორისო დამკვირვებლებში იყო ის, რომ მცირე რაოდენობის წარმომადგენლობა ჰყავდათ პანდემიიდან გამომდინარე," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
"ლელო საქართველოსთვის" წევრ გრიგოლ გეგელიას განცხადებით, IRI-ის დასკვნაში ის შენიშვნებია ასახული, რაც ოპოზიციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი კი მიიჩნევს, რომ თითქოს ორგანიზაცია ხელს აფარებს ხელისუფლებას და არ ამბობს, რომ რეალურად არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდა ადგილი.
"მუდმივად ხელს აფარებენ თითქოს, ისეთი განცდა რჩება ამ განცხადებების შემდეგ გაყალბების ფაქტებს და ხაზს უსვამენ მხოლოდ იმას, რომ იყო მსუბუქი ხარვეზები. ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის სამართლის დანაშაულზე. არჩევნების გაყალბება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ჩაიდინა "ქართულმა ოცნებამ," - აღნიშნა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის დასკვნა მთლიანობაში იყოს გაანალიზებული და არა შერჩევით.