საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკანონო ჩანაწერების გავრცელება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა და პირადად მისი ხელწერაა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა ან მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით.
რატომ გავრცელდა უკანონო ჩანაწერები მნიშვნელოვანი დიალოგის წინ - თალაკვაძე ამბობს, რომ ამაზე ბევრი კითხვა არსებობს.
ჩანაწერის გავრცელებას პარლამენტის თავმჯდომარე ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ შავ საინფორმაციო კამპანიას უწოდებს და ამბობს, რომ ეს "ჰეითერობაა", რაც თანამედროვე სამყაროში სირცხვილად აღიქმება.
"სააკაშვილის ხელისუფლება და მისი ხელწერა რომ იყო უკანონო მოსმენები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, საკუთრებაზე თავდასხმა, ბიზნესის კონტროლი და მედიის ტოტალური კონტროლი, მე ვფიქრობ, ეს ახალი არ არის. ყველამ იცის რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ჩვენ ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება არის იმის საფრთხე, რომ ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ და უკანონო გზით სხვა ადამიანებს გადასცემდნენ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები მომავალში გამოიყენებენ მათ მიერ შექმნილ უკანონო ჩანაწერებს რაიმე მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში, პრინციპულია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა, ან მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პრეტენზიები იყო, ხელისუფლებამ რეაგირებები მოახდინა.
აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაემთხვა ამის გამოქვეყნება დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს. პირდაპირ ჩანს და აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს და ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკასა და ურთიერთობაში მეტი ზიზღი იყოს. ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი. ვფიქრობ, ამას სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ," - განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.