"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული განცხადებები ფარული ჩანაწერების გავრცელებისას მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. მისივე თქმით, ოპოზიციის თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, თუმცა ეს მათ ვერ მოახერხეს.
"ჯერ გავრცელებულიც არ იყო პრაქტიკულად ჩანაწერები, როდესაც უკვე დაიწყო ლაპარაკი ოპოზიციამ იმაზე, რომ მათ აღარ სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. თუ ისინი არიან მოწადინებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და დასრულდეს ეს დიალოგი წარმატებით, მაშინ მათ ექნებოდათ ბუნებრივია განსხვავებული პოზიცია, მაგრამ როდესაც რამდენიმე წუთის წინ არის გასული ჩანაწერები, რომლის არც ავთენტურობა და არც შინაარსი იცი, გამოდიხარ და დიალოგის ჩაშლაზე საუბრობ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიალოგის ჩაშლა იყო მათი თვითმიზანი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
დღეს, ბუნებრივია, ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი ჩვენს პარტნიორებთან და მოგვიანებით, როცა გაგრძელდება დიალოგი, ისინი იქნებიან, ბუნებრივია, წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან. მათ ჰქონდათ დიალოგის ჩაშლის სურვილი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
თქვენ გახსოვთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა რაიმე ტიპის ფარული ჩანაწერები, ყველა, მათ შორის სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და ა.შ. ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას სწორედ ფარული ჩანაწერების კანონიერებასთან დაკავშირებით და ასეც ხდებოდა ეს, ახლაც მოხდა ზუსტად იგივე. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, ეს არის ოპოზიციის სპეკულაცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.