სამართლიანი პირობების მოსაძებნად კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს ცალ-ცალკე ხვდება.
ამ წუთებში ევროკავშირის ოფისში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წევრები. საუბარია "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო სიაში მყოფ პირებზე.
"ჩვენი სურვილი არის, რომ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. კარგია, რომ გვექნება შესაძლებლობა მედიატორთან ყველაფერი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენს პოზიციაში ახალი, პრინციპში, არაფერია," - აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
ხათუნა სამნიძის თქმით, ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ადვილი პროცესი არ არის და შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს.
"ეს არ არის ადვილი პროცესი, შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს. ამ პროცესში იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. შეთანხმება ნიშნავს, რომ მხარეებს კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. არის პირველი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ შორის ნდობა აღდგეს. ნდობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ვერ ვესაუბრებით დღეს ერთმანეთს. მედიაციის პროცესი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ შევძლოთ იმ პუნქტებზე საუბარი,"- აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ენმ - ძალა ერთობაშია” წევრი ხათუნა სამნიძე.