ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორ ვახუშტი მენაბდის თქმით, ევროპა აცნობიერებს იმ პოლტიკურ პოლარიზაციას, რაც დღეს საქართველოშია, რისი დასტურიც ქვეყანაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარომადგენლის მოვლინებაა.
"ის, რომ ევროკავშირის ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ამ კრიზისში, მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა აცნობიერებს ამ პოლარიზაციას. სამი დღის წინ იყო პოლიტიკური დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით და იქაც ბევრჯერ ახსენეს ეს. ისეც არსებობს ბევრი განცხადება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ამ ტერმინის გამოყენებას არ თაკილობს.
ამაზე ოპოზიცია და ხელისუფლებაც აღარ დავობს მგონი, რომ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ისინი ერთმანეთს აბრალებენ ამას, მაგრამ ის, რომ პოლარიზაცია გვაქვს დღეს ქვეყანაში, ამაზე არავინ დავობს. ამან გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ჩამოვიდა დანიელსონი,“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების მთავარი გასაღები სწორედ მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ პოლიტიკურ პარტიებს უჭირავთ.
"ბატონ დანიელსონს არ ჩამოუტანია, მე არ დამინახავს ყოველ შემთხვევაში, ჯადოსნური ჯოხი მაგიდაზე, რომლითაც ის ამ პრობლემას გადაჭრიდა ჩვენი მონდომების გარეშე. აქ მთავარი არის, რომ პრობლემის გასაღები გვიჭირავს ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში, უჭირავთ პარტიებს. ამ ხალხმა უნდა მონახოს,“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.