პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, პრობლემის გადაჭრის გასაღები პარტიებს აქვთ და სურვილი, მოგვარდეს პრობლემა, ორივე მხრიდან უნდა მომდინარეობდეს.
"პრობლემის გასაღები აქვთ პარტიებს, მაგრამ არც ერთ პარტიას არ აქვს ისეთი გასაღები, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და თუ ერთად არ მოვარგეთ ყველამ საკეტს ეს გასაღებები, მაშინ პრობლემა არ მოგვარდება. ნება უნდა იყოს სხვა მხრიდანაც, მხოლოდ ჩვენი გასაღები შეიძლება ყველაზე მთავარი საკეტისკენ იყოს მიმართული, მაგრამ ეს ვერ მოაგვარებს.
ერთ ნაწილში ვერ დავეთანხმები, იურიდიული მექანიზმი არ არის მხოლოდ მედიაცია ამ შემთხვევაში, როგორც სხვა შემთხვევებშიც, ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკული მექანიზმი. სწორია ის მოსაზრება ასევე, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ამ საქმის, ასე ვთქვათ, მოსაგვარებლად და მედიაციისთვის, ნიშნავს რომ ევროპა განსაკუთრებულად არის დაინტერესებული საქართველოს ხვალინდელი დღით და სტაბილიზაციით ამ ქვეყანაში, განვითარებით ამ ქვეყნის," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა როგორც ინფორმაციის გაცვლას, ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა და სად შეიძლება იყოს გადაკვეთის წერტილები.
მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მაღალი რანგის პერსონებისგან და მათი მედიაციის საშუალებით, გადაკვეთის წერტილებს ყველანი ერთად, აუცილებლად იპოვიან.
მისივე თქმით, კომპრომისული საუბრები, არგუმენტები და წინადადებები არ შეიძლება იყოს ცალმხრივი და მეორე მხრიდანაც თუ იქნება თუნდაც ერთი ნაბიჯი გადმოდგმული, კონსენსუსი შედგება.