17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას უნდა წარმოადგენდეს ნიკა მელია - სალომე სამადაშვილი დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო 6 პუნქტიან გეგმას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაშია ჩამოყალიბებული. 

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მკაფიოდ დააფიქსირეს კონკრეტული საკითხები, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. 

"ეს შეხვედრა, რომელიც იყო პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფორმატში, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ყველა იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს.

პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს შესაბამისად, პატიმრობიდან.

გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.

არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება "ქართულ ოცნებასაც" და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

 

დღის ამბები