17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
შარლ მიშელის შემდეგ კრისტიან დანიელსონი - უნდა ველოდოთ თუ არა გარღვევას რომელიმე საკითხში

ევროპის მორიგი სამაშველო მისია ინტენსიურ მოლაპარაკებებზე გადავიდა. შარლ მიშელის შემდეგ კრისტიან დანიელსონი - შვედი დიპლომატის მედიაციის პირველი დატვირთული დღე დასრულებულია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციაში, დღეს ქართველ პოლიტიკოსებს შორის აგვარებს ურთიერთობას.

72 საათი ქართული პოლიტიკის განსამუხტად - ასეთია კრისტიან დანიელსონის მისია, რომელიც, ყველა იმედოვნებს, რომ შეუსრულებელი არ იქნება. რა იქნება უცნობია, თუმცა შვედი დიპლომატი ძალისხმევას არ აკლებს.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მხარეები ცდილობდნენ, რომ დეტალებზე არ ესაუბრათ. მმართველი გუნდიც შეხვედრაზე 3 წარმომადგენლით მივიდა. 

ხვალ დიპლომატების ჯგუფი სხვა პარტიებსაც მოუსმენს, ვიდრე ყველას ერთმანეთის პირისპირ დასვამენ. პირველ ეტაპზე ბრიუსელიდან წარმოგზავნილ შვედ დიპლომატს მათი მოსმენა აქვს განზრახული. 

მანამდე კი იყო პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენცია დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე შეხვედრა იყო. 1 საათიანი საუბრის შემდეგ პრემიერი მედიასთან ჩავიდა, სადაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროკავშირისგან სხვა სახელმწიფოების პრობლემებში ასეთი ჩართულობა იშვიათია, რაც მისთვის ბრიუსელის ინტერესს ადასტურებს.

პრემიერმა ისაუბრა მელიას პატიმრობის ფაქტორზეც დიალოგის პროცესში და აღნიშნა, რომ თუ ამის ნება არსებობს, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს დღესვე შეუძლია ციხიდან გამოსვლა, გირაოს გადახდის შემდეგ. 

ვინ რას დათმობს და ვინ არა - პოლიტიკურ პროცესში მთავარ ინტრიგად რჩება, შარლ მიშელის მიერ ბრიუსელში ჩანიშნულ შეხვედრებამდე კი სულ რაღაც 3 დღე რჩება. 

დღის ამბები