17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
მორიგი საერთაშორისო შეფასება ქართული პოლიტიკური კრიზისის შესახებ - IRI-ის დასკვნა არჩევნებიდან მე-5 თვეს

არჩევნებიდან მეხუთე თვეს ქართული პოლიტიკური კრიზისის დაწყების მიზეზზე მორიგი საერთაშორისო შეფასება გაკეთდა. საკუთარი საბოლოო სიტყვა ამჯერად საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა თქვა. ორგანიზაციის დასკვნით, ქართული არჩევნები იყო მშვიდობიანი, წინასაარჩევნო გარემო კი კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ პარტიულმა პოლემიკამ შეამცირა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე - განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც დაჟინებით ცდილობდნენ ცესკოს დისკრედიტაციას. საჩივრების განხილვისა და რეაგირების პროცესის არასათანადოდ შესრულებამ კი შეაფერხა პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლება გაეგრძელებინათ იურიდიული დავები.

პარალელურად, ორგანიზაცია საუბრობს დაშინების ფაქტებზე, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციაზე, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებსა და დისბალანსირებულ შემაჯამებელ ოქმებზე, რამაც მათი ანალიტიკოსების შეფასებით, ხელი შეუშალა საერთო მიღწევებს, თუმცა გავლენა ვერ მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე.

ოპოზიცია იმ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რაზეც ისინიც საუბრობდნენ და რამაც, მათივე თქმით, არჩევნებს საზოგადოებრივი ნდობა დაუკარგა. განსხვავებული პოზიცია აქვს "გირჩს", რომლისთვისაც საერთაშორისო შეფასებები მოულოდნელი არ ყოფილა და რომელსაც მიაჩნია, რომ მათი კოლეგები გაყალბებას კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ.

IRI-ის დასკვნა მმართველი გუნდისთვის არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მორიგი მტკიცებულება და პასუხი ოპონენტების ბრალდებაზე, რომ ხარვეზებს საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. "ოცნება" ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეკომენდაციებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, არჩევნების გაყალბებაზე, პარლამენტში იმსჯელონ.

დღის ამბები