ვაქცინა საქართველოშია. პირველი პარტია - 43 200 დოზა თვითმფრინავით დღეს დილას ჩამოიტანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ამ წუთებში, ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია იმართება, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ვაქცინაციის დაწყების პროცესზე ისაუბრა. საქართველომ "კოვაქს" პლატფორმის საშუალებით, კორეის რესპუბლიკაში დამზადებული "ასტრაზენეკა" მიიღო. ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება კი 15 მარტიდან არის დაგეგმილი. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. უახლოეს მომავალში საქართველო "ასტრაზენეკას" ვაქცინის 129 600 დოზას ელოდება. მომდევნო ეტაპზე, ხელისუფლება "ფაიზერის" ვაქცინის შემოტანასაც აპირებს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველოში "კოვაქს" პლატფორმიდან შემოვიდა "ასტრაზენეკას "ვაქცინა, დღესდღეობით ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. დარეგისტრირებულია 64051 ადამიანი, გამომდინარე იქიდან რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზრუნვაში პრიორიტეტულ სეგმენტს ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია მათი ვაქცინაციისთვის. შერჩეულია 82 დაწესებულება სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია ტრენინგი და შემოწმებულია შესაბამისი აღჭურვილობები. ეს პროცესი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კონტროლის ქვეშ. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის როგორც ამბობენ დასასრულის დასაწყისი და ეს აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მხრიდან არის შექმნილი პორტალი სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება და დღეს 12:00 საათიდან სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება დაჯავშნონ თავისი დრო და ადგილი თუ სად იქნებიან ვაქცინირებული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.