"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობა ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგში მიანიშნებს იმას, რომ დასავლელი პარტნიორები სერიოზულად დაინტერესებულები არიან ამ საკითხით. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა კრისტიან დანიელსონს მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია იმ პუნქტებზე, რომელიც შარლ მიშელის გეგმაშია.
"ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენით ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ. შეიძლება კონკრეტულად ჩვენი ჯგუფი არ არის გადამწყვეტი ამ მოლაპარაკების დროს, იმიტომ რომ ძირითადი დაპირისპირებული მხარეები აქ არ იმყოფებიან. ჩვენ მივაწოდეთ მეტი ინფორმაცია თითოეულ იმ პუნქტზე, რომელიც მიშელის გეგმაში არის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უკეთესი ფონი მივეცით შემდგომ მოლაპარაკებებს მთავარ აქტორებთან. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ცნობილი. ჩვენთვის მნიშვნელობა იმას კი არ ჰქონდა ის კონკრეტული არჩევნები გაყალბდა თუ არა და ის გამოგვეძია, არამედ ის, რომ დღეს ჩვენ პარლამენტი არ გვაქვს და სრული უნდობლობა გვაქვს პოლიტიკურ სპექტრში,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პოლიტპატიმრების თემა არის ის საკვანძო საკითხი, რომელმაც დანარჩენ საკითხებზე შეთანხმებას გზა უნდა გაუხსნას:
"შეხვედრები გაგრძელდება დღესაც და ხვალეც და შესაბამისად მცდელობა, რომ მაღალ დონეზეა ეს გასაგებია და ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი დახმარებითაც მათ შორის, ეს მცდელობა წარმატებას მიაღწევს. პოლიტიკური პატიმრები არის საერთოდ პირობა ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების. იმისათვის რომ დაიწყო ლაპარაკი ჯერ ამის საშუალება უნდა მოგეცეს, ეს პოლიტპატიმრების თემაა," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც შეეხო, ის თვლის, რომ ჩანაწერების გავრცელება დიალოგის მომზადების პერიოდში ამ პროცესის ჩაშლის მცდელობას ემსახურებოდა:
"ეს ფარული ჩანაწერები არის არა იმისთვის, რომ მეტი გაგვეგო ბერა ივანიშვილის ან ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ იმისთვის, რომ დღეს რისთვისაც ვართ შეკრებილი, მოლაპარაკებები ჩაგვეშალა, მე წინააღმდეგი იმისა ვარ, რომ ასეთი მეთოდები გამოვიყენოთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გასაფუჭებლად," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.