"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ორდიანი დაძაბული სამუშაო რეჟიმის შემდეგ შესაძლოა გარკვეული წინსვლა დაფიქსირდეს, თუმცა პოზიტიური შედეგისთვის პოლიტიკოსი ოპოზიციის მოთხოვნებზე მმართველი გუნდის მხრიდან დათმობას ელოდება.
"ეს ორი დღე - დღეს და ხვალ, იქნება დაძაბული მუშაობის რეჟიმით და შესაძლებელია უკვე გარკვეული წინსვლაც დაფიქსირდეს. 16-ში ევროკავშირის საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას იხილავს, ამიტომ ყველა მონდომებული ვართ იმისათვის, რომ იქ პოზიტივით წარვსდგეთ, თუმცა ეს პოზიტივი რეალური უნდა იყოს,"- განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.
"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე კი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ.
"ოპტიმიზმი, დღემდე ქმედებებიდან გამომდინარე ნამდვილად ნამდვილად არ გვაქვს. მაგრამ ის დაინტერესება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიმართ არის გამოჩენილი ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირისგან, გვაძლევს გარკვეულ იმედს, რომ მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება. ამიტომ, არ არის გამორიცხული ჩვენ კონსენსუსს მივაღწიოთ,"- აცხადებს საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.
გამოსვლაში ქართველ პოლიტიკოსებს ახლა ევროპელი პარტნიორები ეხმარებიან, სწორედ ამ მიზნით - კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს მეორე დღეა განაგრძობს. შვედ დიპლომატთან აუდიენციაზე პოლიტიკოსები იმ ექვს პუნქტს განიხილავენ, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში დატოვა.