ევროპული მედიაციის მესამე დღე თბილისში - დღის ბოლომდე მხარეები უკვე ელოდებიან კონკრეტულ შედეგს, იქნება თუ არა შესაძლებელი პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ხვდება. ეს უკვე მეორე მოლაპარაკებაა კრისტიან დანიელსონსა და მთავარ ოპოზიციურ პარტიას შორის.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მათი აზრით, ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს, ხოლო მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მიღწევის გზები.
"მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას დღეს კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები, ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
დღეს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უმრავლესობას უკვე შეხვდა. როგორც ცნობილია, დღის ბოლომდე გაგრძელდება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, უმრავლესობასთანაც განმეორებით, რა დროსაც კრისტიან დანიელსონი ეცდება ხელი შეუწყოს მხარეებს პოზიციების დაახლოებაში. სავარაუდოდ, საღამოს უნდა გაიმართოს მოლაპარაკება გაფართოებული შემადგენლობით, მხარეების მონაწილეობით.