ევროპული მედიაციით მოლაპარაკებები გრძელდება - სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩის" ორივე ფრთის წარმომადგენლებთან.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, მოლაპარაკების პროცესი წინ მიიწევს და გაჩნდა შეთანხმების მიღწევის შანსიც.
"მედიატორები, უკვე, ფაქტობრივად, მენეჯერებად გრძნობენ თავს. ისინი გვესაუბრებიან არა როგორც უბრალოდ ამბის მიმტან-მომტანები, არამედ, საკუთარ პოზიციასაც გვიფიქსირებენ.
პროცესი მიდის წინ, რადგან თითოეულ საკითხზე უკვე დეტალურად მიდის შეთანხმება და ვფიქრობთ, რომ გაჩნდა შანსი, რომ თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისებზე წავალთ, ანუ, ვერავინ იზეიმებს გამარჯვებას ამ მოლაპარაკების შედეგად და შევხედავთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ კონკრეტულ მომენტში, ჩვენთვის ერთად გადასაწყვეტი, ამ მოლაპარაკებას აქვს წარმატების შანსი,"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.