ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექტორთა ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
ამ დროისთვის, დამსვენებელთა შორის სოციალური დისტანციის, ნაკადების კონტროლის დაცვისა და ერთ სივრცეში მაღალი კონცენტრაციის პრევენციის მიზნით, ბადეების საშუალებით მიმდინარეობს სპეციალური დერეფნების მოწყობა. პარალელურად, გრძელდება ინსპექტორთა ჯგუფების ჩართულობით ობიექტების მხრიდან დადგენილი რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი. ასევე, ინსპექტორები ზედამხედველობას უწევენ ობიექტების შესასვლელებს.
9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186 ობიექტი შეამოწმა. პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 18 პროტოკოლის დაცვაზე კითხვარის საშუალებით შემოწმდა. 22 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ წესების დაცვით ოპერირებდნენ.
შრომის ინსპექციის სამსახური საკურორტო ზონებში განთავსებული ობიექტების ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები სრულფასოვნად ფუნქციონირებს ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ტურნიკეტები შეღობილია, ტერიტორიას კი აკონტროლებს დაცვის სპეციალური სამსახური. ნიღბის გარეშე არ დაიშვება არცერთი მომხმარებელი მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელთა ნაწილი არ იცავს დაწესებულ რეგულაციებს და ამით საფრთხეში აგდებს არა მარტო საკუთარ, არამედ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა როგორც გუდაურში, ასევე სხვა სამთო კურორტებზე დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური სტანდარტები და რეგულაციები, რაც აუცილებელია სამთო კურორტზე არსებული საბაგიროების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.