საპატრიარქოს მიერ "გირჩის" რელიგიური ორგანიზაციის წევრებისთვის "სინანულის ფურცლის" შეთავაზებას "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე ეხმაურება.
მისი მოსაზრებით, მსგავსი ფურცლებით "სირბილი" ქრისტიანობისგან შორსაა და ეს გზა საპატრიარქომ დამატებითი ფინანსების გამომუშავების მიზნით წამოაყენა.
"სად ქრისტიანობა და სად რაღაცა ფურცლებით სირბილი. ჩემი აზრით უბრალოდ ახალი გზა თუ არხი გაჭრეს იმისათვის, რომ დამატებითი ფინანსები მოიძიონ, ანუ ფულს იშოვიან მაგაზე, ისე როგორც ნათლობაზე, ქორწინებაზე და ა.შ. ფულს იღებენ. ამ საბუთის გაცემაში გამოართმევენ ფულს," – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
როგორც პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, "ბიბლიური თავისუფლება" სწორედაც რომ თავისი შინაარსით ყველაზე ქრისტიანული ორგანიზაციაა.
"ეს არის ყველაზე ქრისტიანული ორგანიზაცია თავისი შინაარსით, თუ რამეს შეიძლება ქრისტიანული ორგანიზაცია დავარქვათ. ამიტომაც არის უცნაური, რომ გარეგნული ნიშნებისთვის ყურადღების მიქცევა ჭარბობს შინაარსისთვის ყურადღების მიქცევას. ჩვენ არასდროს აზრად არ გვქონია დაგვეარსებინა რაიმე ახალი რელიგიური ორგანიზაცია როგორც რწმენის წყარო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ახლა რაღაცნაირი ურთიერთობა გვაქვს უკვე საპატრიარქოსთან და ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ეს საკითხი სრულიად განსხვავებულ ჭრილში წარმოუდგენიათ," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საპატრიარქოს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, უნდა მიმართონ მღვდლებს, დაარწმუნონ, რომ მათი სინანული გულწრფელია, შემდეგ, ხელი მოაწერონ, ე.წ. სინანულის ფურცელს, ამის შემდეგ მღვდელი გასცემს კიდევ ერთ დოკუმენტს, ხელმოწერით და ბეჭდით, რომელსაც ჰქვია შენდობის ფურცელი და რომელიც ეპისკოპოსს წარედგინება.
ამ პროცედურების გავლის შემდეგ, ეკლესია ნებას მისცემს "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს დაუბრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს, როგორც ეს ნათქვამია განცხადებაში.