ევროკავშირის მედიაციით, შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, დღეს არ გაიმართება. პოზიციების დასაახლოვებლად დიალოგი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.
ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" ლიდერები დღეს უკვე მეორედ, მედიატორებთან 3 საათიანი შეხვედრიდან გამოვიდნენ. "ოცნების" ლიდერების თქმით, მათი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია, ახლა საჭიროა იგივე ოპოზიციამ გააკეთოს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დღეს დილიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა მმართველ გუნდთან შედგა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" ლიდერები წითელ ხაზებზე აღარ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ სამართლიანობა ის მთავარი კრიტერიუმია, რის გარშემოც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კომპრომისული შეთანხმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შეხვედრის დეტალური განხილვისგან მმართველი გუნდის წევრებმა დღეს თავი შეიკავეს.
"ოცნების" შემდეგ დანიელსონი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერებს, შემდეგ კი "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩის" ორივე ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.
მმართველი გუნდის მსგავსად, შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. თუმცა, ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მოლაპარაკებებმა წინ წაიწია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურს რესურსს ხედავდნენ.
პოლიტიკოსებმა დღეს ისიც თქვეს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა დისკუსიის ბოლო დღეს პარტიებს შედეგზე ორიენტირებული წინადადებები თვითონ წარუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
ამასთან, 16 მარტს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებთან კრიზისის განმუხტვის კონკრეტული გეგმით უნდა ჩავიდეს.