"სინანულის ფურცელი" "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს - საპატრიარქო "გირჩის" მიერ შექმნილ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ მოქალაქეებს მიმართავს და ეუბნება, რომ თუ მათ ეკლესიაში დაბრუნება სურთ, უნდა მოინანიონ, გაიარონ გარკვეული პროცედურები, "სინანულის ფურცელს" ხელი მოაწერონ და ეპისკოპოსთან წარსადგენი რეკომენდაცია მიიღონ.
"ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას," - ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პირველ ეტაპზე მათ მღვდლებს უნდა მიუტანონ.
საპატრიარქოს პოზიცია გაუგებარია "გირჩისთვის", სადაც აცხადებენ, რომ "ბიბლიური თავისუფლება" რელიგიური ორგანიზაცია არ არის.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის აზრით კი, ახალი პროცედურების დაწესებით, საპატრიარქო დამატებითი შემოსავლის მიღებას ცდილობს.
"ბიბლიური თავისუფლების" მთავარი მღვდელმსახურისთვის გაუგებარია, რატომ ურთულებს საპატრიარქო ცხოვრებას ორგანიზაციის ათიათასობით წევრს. ლევან ჯგერენაია განმარტვას, რომ "ბიბლიური თავისუფლება" მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ახალგაზრდები სავალდებულო ჯარისგან დაიცვას. ჯგერენაია მიიჩნევს, რომ საპატრიარქო ორგანიზაციას დაპირისპირების ნაცვლად, მხარს უნდა უჭერდეს.