ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და სწორედ ამიტომ დებს ამხელა ძალისხმევას მოლაპარაკების პროცესში.
როგორც კრისტიან დანიელსონმა დღის ბოლოს, ორივე მხარესთან გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა, საკითხზე მუშაობა ხვალ გაგრძელდება.
"რატომაც მე აქ ბატონმა მიშელმა გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის, რადგან საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს არის ის გზა, სადაც უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ზუსტად ამიტომაც ვდებთ ამ საკითხში ძალისხმევას და ამიტომაც არიან პარტიები ასე ჩართულები. ხვალ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ,"- განაცხადა დანიელსონმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს.