კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში მივიდა იქ, სადაც შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოპოზიციასა და უმრავლესიობას შორის შეხვედრა შედგა.
ეს უკვე მეორე შეხვედრაა სალომე ზურაბიშვილთან, პირველი მოლაპარაკება დენიელსონმა პრეზიდენტთან თბილისში ჩამოსვლის დღეს გამართა.
მანამდე კრისტიან დანიელსონმა მედიასთან გააკეთა მოკლე კომენტარი და თქვა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ის განაგრძობს მუშაობას, არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც იყვნენ კონსტრუქციულები, გააგრძელონ კომპრომისის გზით სვლა.
"კარგი შეხვედრები გვქონდა დღეს დილით. ვაპირებთ გავაგრძელოთ შეხვედრები დღის განმავლობაში. ახლა კი შეხვედრა მაქვს პრეზიდენტთან. ჩემი აქ დარჩენის მიზეზი ისაა, რომ ბატონმა მიშელმა მითხრა დავეხმარო მას მედიაციის პროცესში. სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. მოლაპარაკების პროცესში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ჯერ კიდევ არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები იმისათვის, რათა მათ კომპრომისის მიღწევის საჭიროება დაინახონ," - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.