საქართველოში უკვე რამდენიმე საათია ვაქცინაცია დაიწყო. იცრებიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, მძღოლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ამ დროისთვის დარეგისტრირებულია და საკუთარი რიგის ნომერი აქვს 2 ათასზე მეტ მედპერსონალს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტის აცრას ვარაუდობს.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის გზა, რითაც შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლა.
"დასაწყისზე დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესის დასრულებას. პირველივე დღეს ავიცერი, მალე დადგება ჩემთვის ის ეტაპი, როდესაც ჩემი პაციენტებისთვის ვიქნები უსაფრთხო. ექიმებმა საზოგადოებას მაგალითი უნდა მივცეთ,"-აღნიშნა ქაშიბაძემ.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
"ეს ის მომენტია, როდესაც ნემსის ჩხვლეტა სასიამოვნო პროცესის საწყისია, ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენ 2021 წლის ბოლოსთვის პანდემიისგან გავთავისუფლდებით,"- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.