17 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
პოლიტპატიმრები და გზა, რომელიც ხელახალ არჩევნებამდე მიდის - ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ 2 პუნქტის გარეშე შეთანხმება შეუძლებელია

"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელმეორედ შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტთან შეთანხმდეს გიორგი რურუას შეწყალების საკითხი.

თუმცა "დღის კურიერში" სტუმრობისას ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ დანიელსონმა შესათანხმებელ საკითხებს შორის იპოვა სხვა საკითხიც, რაზეც შეიძლება პრეზიდენტის ფუნქცია გამოიკვეთოს.

"შესაძლოა. როდესაც მე გავიგე ამ შეხვედრის შესახებ, პირველი, რაც თავში მომივიდა, ეგ ვერსია იყო. იმიტომ რომ, ჩამონათვალ საკითხებში არის, რომ თუ სადმე შეიძლება გამოიკვეთოს პრეზიდენტის ფუნქცია ამ რაღაცა საერთო შეთანხმების ნაწილში, შესაძლოა, იყოს სწორედ რურუას შეწყალების ნაწილი, თუმცა ბევრი საკითხები არის და შეიძლება რამე სხვა როლიც დაინახა ბატონმა დანიელსონმა და შეიძლება ამაზეც იყო საუბარი. გადაჭრის რამის თქმა გამიჭირდება, პროცესში გამოჩნდება," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დანიელსონის კონკრეტული ამოცანა იყოს, რომ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთ საკითხზე მაინც მოხდეს შეთანხმება მხარეებს შორის, ჯაფარიძე პასუხობს, რომ შეთანხმება ორ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც უნდა მოხდეს.

"ან შეთანხმება მოხდება ყველა პუნქტზე და ცხადია, სხვადასხვა პარტიისთვის სხვადასხვა პუნქტებს აქვთ პრიორიტეტი, ისევე როგორც "ქართულ ოცნებას" აქვს გარკვეული პრიორიტეტები. საბოლოო ჯამში, მე წარმომიდგენია, ეს უნდა იყოს ერთიანი პაკეტი, რაზეც ჯამში შეთანხმდება ოპოზიცია და ქართული ოცნება და მხოლოდ ასე შეიძლება ჩემი აზრით, მოხდეს ამ ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ის, რომ აქედან ამოირჩეს რაღაცა ერთი პუნქტი და იმაზე მოხდეს შეთანხმება, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მინიმუმ ორი პუნქტი არის ისეთი, რომელზე შეთანხმების გარეშე, ზოგადად საუბარიც კი შეუძლებელია სხვა პუნქტებზე, რომელიც არაერთხელ იქნა დასახელებული. ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი და ეს არის რაიმენაირი გზა, რომელიც მიდის ხელახალ არჩევნებამდე," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

დღის ამბები