პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც აწყობს საქართველოში არსებული პოლარიზაცია და შეუთანხმებლობა სწორედ რუსეთია და ეს ცხადია. მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს, საჭიროა, რომ შეთანხმება ყველას უნდოდეს.
"იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, საჭირო არის, რომ ყველას უნდოდეს ეს შეთანხმება. 4 თვეზე მეტია, რაც ეს პერიპეტიები მიდის არჩევნების შემდეგ და 4 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ გამოეცხადებინათ ბოიკოტი პარლამენტისთვის, ჩაეტარებინათ სხვადასხვა საპროტესტო აქცია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ქალბატონ სალომე სამადაშვილსაც ეთქვა ის, რაზეც ჩვენ უკვე რამდენი ხანია ვსაუბრობთ.
ამ პოლარიზაციის გაღრმავებით, შეუთანხმებლობით, თუკი ვინმე სარგებლობს და ვინმე იღებს ამით მოგებას, ეს არის რუსეთი. ეს არის ყველაზე ცხადი და ამას თუ კი ასე ხედავენ ძალიან კარგი არის და მითუმეტეს, როდესაც ამას "ქართული ოცნების" მიმართებით ამბობენ და მოუწოდებენ შეთანხმებისკენ, ჩვენ აქ მოწოდება არ გვჭირდება.
რაც შეეხება რესურსს, ადრეც ვაცხადებდით და ახლაც ვთქვით, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ფასილიტაციის პროცესში ჩვენ ვამბობდით, რომ გავა დრო შეთანხმებით, თუ შეთანხმების გარეშე და ჩვენი მოქალაქეები დაინახავენ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ყველაზე კონსტრუქციული ძალა არის "ქართული ოცნება" და ყველა შეთავაზება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის სწორედ სიმართლეზე და სამართლიანობაზე და ქვეყნის ინტერესებზე აგებული.
პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გასაღები ყველას ხელშია. ერთი საკითხი, რომელიც საჭიროა, რომ ოპოზიციამ გააცნობიეროს: ისინი ხელისუფლებას მოიხსენიებენ ხოლმე მესამე პირში და ისინიც არიან ნაწილი ხელისუფლების. ოპოზიცია სწორედ ხელისუფლების ნაწილი არის. ისინიც პარლამენტის შენობაში უნდა იყვნენ და ამ ხელისუფლებას უნდა ახორციელებდნენ. ამიტომ, პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა და რაც მთავარია, მთავარ პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმების პროცესში იყოს გულწრფელი და მათ შორის, ჰქონდეს შეთავაზებები ისეთი, რომლებიც არის სამართლიანი, სწორი და ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას," - აცხადებს "დღის კურიერის" ეთერში შალვა პაპუაშვილი.