17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ქიმერა, მითი - გიორგი ხელაშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებს იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ოპოზიცია ითხოვს, არ დასთანხმდება.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორების პოზიციაც არის ის, რომ არჩევნებით გამოხატული ხალხის ნების შეცვლა, თუნდაც მოლაპარაკების მაგიდასთან, არ შეიძლება. 

"მე კარგად ვიცი ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციები. მათი მანტრა, მათი ძირითადი მიდგომა არის ის, რომ შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან შეიცვალოს ხალხის მიერ გამოხატული ნება, რაც გამოიხატა არჩევნების შედეგებში. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ქიმერა, მითი.

იმ 6 პუნქტში არჩევნების შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებული, რომ არის მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი და იქ წერია "შესაძლო რიგგარეშე არჩევნები", რომელიც იქვეა მიბმული ადგილობრივ არჩევნებთან. ამის გარშემო რა კონფიგურაციით მოხდება შეთანხმება, მოლაპარაკების საგანია.

პარტიის პოლიტსაბჭოს ცალსახა გადაწყვეტილება, რამდენადაც ვიცი, არის ის, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვს ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, რომ ხვალ გადავწყვიტოთ, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და მოდი დავნიშნოთ ახალი არჩევნები, ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული,"-აცხადებს ხელაშვილი. 

ხელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ ოპოზიციაში რადიკალური ფრთა იმძლავრებს, შესაძლებელია, მოლაპარაკებები ჩაიშალოს კიდეც. 

"თუკი ოპოზიცია გააგრძელებს, პირობითად ვამბობ, გიგი უგულავას ენით საუბარს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მიმართული იქნება მოლაპარაკებების ჩაშლისკენ. თუ ოპოზიციაში იმძლავრებს რადიკალური ჯგუფი და კიდევ ერთხელ დააშინებს თავისივე კონსტრუქციულ მომხრეებს, მაშინ, შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ამაში უცნაური არაფერი იქნება. მაგრამ ყველას, ჩვენ და მოსახლეობა ძალიან გვინდა, რომ ეს შეთანხმება შედგეს,"-აცხადებს ხელაშვილი. 

დღის ამბები