17 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
2003 წელს მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ჩვენს გასაშველებლად, დღეს ბრიუსელიდან ჩამოდიან - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი რუსეთის ინტერესებში შედის, ასე რომ, მნიშვნელოვანია, მხარეები შერიგდნენ. 

მეგრელიშვილის თქმითვე, თუ ადრე პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს რუსეთიდან ჩამოსული წარმომადგენლები ახვედრებდნენ, დღეს საქმეში ევროკავშირია ჩარეული, რაც ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, პროგრესია.

"მთავარი ამბავი არის შერიგება, დანარჩენი ის პუნქტები, რაც დოკუმენტშია აღნიშნული, არის ტექნიკა, ტექნიკა იმის, თუ როგორ გავაფორმოთ ის, რომ ჩვენ მართლა აღარ გვინდა ერთმანეთთან ჩხუბი და დავასრულეთ ეს პერიოდი. ამ დოკუმენტის შინაარსი არის შერიგება. დანიელსონი გვეუბნებოდა, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ეს კრიზისი არის რუსეთის ინტერესებში. მე არ მჯერა, რომ რომელიმე მხარე უშუალოდ რუსეთის დაკვეთას ასრულებას, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს კინკლაობა, ეს არის ნამდვილად ჩვენი მტრის ინტერესებში და ამიტომ არის ჩართული ევროკავშირი ასე ინტენსიურად, რისთვისაც უნდა ვუთხრათ მადლობა. 

2003 წელს კრიზისის დროს აქ იყო იგორ ივანოვი ჩამოსული და ის გვაგვარებდა ერთმანეთში, ანუ ერთმანეთს გვალაპარაკებდა. დღეს თუ რამე პროგრესი განვიცადეთ, მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლები ერევიან ჩვენს საქმეებში. მაშინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ჩვენს გასაშველებლად, დღეს ბრიუსელიდან ჩამოდიან, თუ შეგვიძლია მარტო ამას დავუძახოთ პროგრესი," - განაცხადა მეგრელიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები